პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ამას ემატება ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური განვითარების ფონზე კონკურენცია ყველა სფეროში გაიზარდა. წარმატებული კარიერა მხოლოდ განათლების ხარისხზე აღარაა დამოკიდებული. მეტიც, კვალიფიკაციას, დიპლომებსა თუ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას წამყვანი კომპანიები ისე პრიორიტეტულად აღარ თვლიან, როგორც, თუნდაც, 10 წლის წინ.

ის, თუ რა პროფესიას ავირჩევთ, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლო; ამასთან, საქმე შენთვის საინტერესო უნდა იყოს; და ის, რა თქმა უნდა, საკუთარი ცხოვრების ფინანსურად უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც უნდა გაძლევდეს.

ეს ყველაფერი სათქმელად კი იოლია, მაგრამ რეალობაში ყველაფერი ასე მარტივად სულაც არაა. რთულია, რომელიმე პროფესია სამივე მოთხოვნას იდეალურად მოერგოს. ხშირად ფინანსური სარგებლის მისაღებად ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც ჩვენთვის სულაც არაა ბედნიერების მომნიჭებელი. ეს, რა თქმა უნდა, არც ჩვენს პიროვნულ განვითარებაზე აისახება დადებითად და ალბათ ვერც კარიერულ მწვერვალებს დაგვაპყრობინებს.

მაგრამ საგანგაშო მაინც არაფერია. პროფესიის სწორად არჩევა კი რთულია, თუმცა — არა შეუძლებელი.

გაუმკლავდი ნათესავ-ნაცნობების მოლოდინებს

ფოტო: Nathalie Lees

მარკ ტვენს უთქვამს, "იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და შენ არასდროს მოგიწევს მუშაობა". ერთი შეხედვით, მარტივად და სახალისოდ ჟღერს; უბრალოდ, უნდა აღმოაჩინო რისი კეთება გიყვარს და მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა — ბედნიერების ფორმულაც მზადაა. თუმცა თუ დიდად პატივცემული ტვენის ამ მოხდენილ ფრაზას შენც ეჭვის თვალით შეხედე, ალბათ იმიტომ, რომ უკვე გაიაზრე, პროფესიის არჩევისას შენ მარტო სულაც არ ხარ. ძიების პროცესში შენ გარშემო უამრავი ადამიანია: ოჯახის წევრები, ნათესავები და, შენ წარმოიდგინე, ხანდახან მშობლების შემთხვევითი ნაცნობებიც კი, რომლებიც შენში ამომავალ ვარსკვლავს ხედავენ და ცხოვრებისეული მწვერვალებიდან ყველაზე უფრო მაღალზე ასვლას გიწინასწარმეტყველებენ.

ასეთ დროს მთავარია, მოთმინება არ დაკარგო. მოუსმინე ყველას და მიიღე სასარგებლო რჩევები, სხვა დანარჩენს კი, უბრალოდ, დროს ნუ დაუთმობ. რეალურად, ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენს გადაწყვეტილებებზეა პასუხისმგებელი, შენ თავად ხარ. სამომავლოდ ყოველი მარცხი თუ წარმატება შენ მიერ დათესილის მომკა იქნება, მიუხედავად იმისა, ვის რჩევას მიჰყევი ან ვის იძულებას დამორჩილდი. ახლობელ-ნათესავებთან სამომავლო პროფესიაზე საუბრისას ერთი ოქროს წესი უნდა გახსოვდეს: ზრდასრულ ასაკში საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ ხარ.

გამოიყენე "კოსმონავტის მეთოდი"

ფოტო: ნათია ჩიტიშვილი / On.ge

ბავშვობაში როცა გვეკითხებიან, "რა უნდა გამოხვიდე, დიდი რომ გაიზრდები?" გაუაზრებლად, ყველანი იმ პროფესიებიდან ერთ-ერთს ვპასუხობთ, რომელთა დაფასებაც სამყარომ უკვე მოასწრო. რეალურად, ამ ერთი შეხედვით ბავშვურ, სახუმარო კითხვაზე პასუხი წლების მატებასთან ერთად იცვლება და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სრულყოფილად ვიცნობთ გარესამყაროსა და საკუთარ თავს.

პატარაობისას ჩვენთვის ყველაფერს სიახლის ელფერი დაჰკრავს და ჩვენც ხშირად იმ რაღაცებითაც კი ვინტერესდებით, რაც ზრდასრულობაში იშვიათად თუ გვახსენდება. დაფიქრებულხარ, რატომ ამბობენ ბავშვები ასე ხშირად, რომ კოსმონავტობა უნდათ? ისინი ზემოთ, ცაში იხედებიან და მილიონობით მოკაშკაშე ვარსკვლავს შორის ცნობისმოყვარე თვალებით ახალ სამყაროებს ეძებენ, რომლის შემეცნებითაც იმდენად არიან დაინტერესებულნი, რომ მალევე პოულობენ მიზნისკენ მიმავალ გზას — კოსმონავტობას.

სინამდვილეში, პროფესიის არჩევის პრინციპი ზრდასრულობაშიც არ იცვლება: აღვიძებ ცნობისმოყვარეობას (ცაში ახედვა); აღმოაჩენ სფეროს, რომელიც გაინტერესებს (ვარსკვლავებში ახალი სამყაროების ამოცნობა); ბოლოს კი ცდილობ იპოვო პროფესია, რომელიც ჩაფიქრებულს განგახორციელებინებს (კოსმონავტობა).

მოდი, ამ პროცესს "კოსმონავტის მეთოდი" დავარქვათ. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტია, "რა უნდა გამოხვიდე", გირჩევ, ცოტა ხნით ბავშვური შემოქმედებითობა გამოაღვიძო და ამ სახალისო სქემით იხელმძღვანელო.

დაუმეგობრდი შენს თავს

სკოლის ბოლო დღეს კლასის ხელმძღვანელი პატარა გაცრეცილ, ორად გადაკეცილ ქაღალდს გაწვდის. იქ იმ კითხვაზე შენი პასუხი წერია, რომელიც მეორე კლასში დაგისვეს: "რა გინდა, რომ გამოხვიდე?" ფურცელს ფრთხილად ხსნი და ყურებამდე გაღიმებული სახით კითხულობ — "მომღერალი". ღიმილს ზომიერად ხმამაღალ სიცილს აყოლებ და შენს მეორეკლასელ თავს გულუბრყვილობის გამო მსუბუქად დასცინი. მომღერლობა ხომ შენი მიზანი დიდი ხანია, აღარაა. ახლა შენ უფრო სერიოზული მიზნები გაქვს. თუმცა არა... მეორე კლასშიც სერიოზულად ფიქრობდი მომღერლობაზე.

ფოტო: Andrius Banelis

ცოტა ხანში იმაზეც დაფიქრდები, როგორ გაიხსენებ ამ დღეს კიდევ 10 წლის შემდეგ. და ხვდები, რომ იმას, რაც ახლა შენთვის სერიოზული მიზანია, რომელიღაც სხვა სამყაროში, მომავლიდან შენივე თავი დასცინის — უწყინრად, ზუსტად ისე, როგორც ახლა გეღიმება შენს ბავშვობისდროინდელ ოცნებაზე.

სინამდვილეში, ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. ჩვენ გამუდმებით საკუთარი თავის ჯერ კიდევ შეუცნობელი მხარეების აღმოჩენის პროცესში ვართ და ბუნებრივია, თუ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს აღმოჩენები რადიკალურად განსხვავებულ ინტერესებს გაგვიჩენს.

საუკეთესო შემთხვევაში, ჯერ კიდევ პატარაობისას შეიძლება, რომ შენი შესაძლებლობები ერთ კონკრეტულ პროფესიას მოარგო და თავი მასში საოცრად კომფორტულად იგრძნო. არც ისაა ტრაგედია, თუ უკვე უნივერსიტეტში სწავლობ და ჯერ კიდევ ვერცერთ სფეროში ხედავ საკუთარ თავს.

ერთადერთი, რაც ნამდვილად საგანგაშოდ უნდა მიიჩნიო, აბსოლუტური უმოქმედობაა. თუ ძიებას არ შეწყვეტ და საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ბევრ სფეროში გამოცდი, აუცილებლად მიაგნებ შენთვის შესაფერის პროფესიას. ნუ შეგეშინდება ცვლილებების. თუ პიროვნული განვითარების პერსპექტივას ვერ დაინახავ იქ, სადაც ახლა ხარ, იყავი გამბედავი და გადადგი ნაბიჯი. გახსოვდეს, რომ არცერთ ასაკშია გვიან შენში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.