ევროპარლამენტმა ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ იმ რეზოლუციაშია საუბარი, რომელიც 21 იანვარს გამოქვეყნდა.

რეზოლუციაში, რომელიც 581 ხმით 50 წინააღმდეგ მიიღეს, ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, აქტიური პოზიცია დაიჭირონ ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით და "მნიშვნელოვნად გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ". განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს გულისხმობს სანქციებს ინდივიდუალურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ნავალნის დაკავების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სანქციები უნდა დაწესდეს "რეჟიმთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქების", ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "ახლო გარემოცვასა" და რუსული მედიის "პროპაგანდისტების" წინააღმდეგაც.

ახალი რეზოლუცია, ასევე, მოიცავს მოწოდებას, რომ "ერთხელ და სამუდამოდ" შეჩერდეს Nord Stream 2-ის მშენებლობა. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს კონტროვერსიული გაზსადენის მშენებლობა. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ ევროკავშირი აღარ უნდა იყოს "გაურკვეველი წარმომავლობის რუსული სიმდიდრის მასპინძელი".

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

მას დილამდე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია და არც დარეკვის უფლება მისცეს. ხიმკის პოლიციის განყოფილებაში სასამართლო პროცესის ჩატარება მოულოდნელი იყო თვითონ ნავალნისთვისაც. სასამართლოს პარალელურად მხარდამჭერები პოლიციის შენობის გარშემო შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

რუსი პოლიტიკოსი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.