ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტია მზად არის, რომ ალეკო ელისაშვილს შეხვდეს. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არსებობს სამართლებრივი საფუძვლის საგანგებო სტრუქტურა, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც საფუძველი უნდა შეუქმნას დასკვნა, ჩატარდეს თუ არა განმეროებითი თუ ვადამდელი არჩევნები. თუ ასეთი დასკვნა არ იქნა, რასაკვირველია, უტოპისტურია და დემაგოგიურია ნებისმიერი სხვა განცხადება [...] არის რამდენიმე მთავარი საკითხი, რისთვისაც მზად ვართ, რომ არათუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს ვესაუბროთ [...] საჯაროდ ვამბობ, რომ მზად ვართ მასთან [ელისაშვილთან] შეხვედრისთვის", — განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან "მოლაპარაკებებსა და კინკლაობას" ასრულებს და მზადაა, ქართულ ოცნებასთან დასალაპარაკებლად.

19 იანვარს, ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძე განცხადებით, პარტია საერთო ოპოზიციური ფორმატის მიღმა, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ გეგმავს.

გირჩსა და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებზე 18 იანვარს, საჯაროდ თქვა უარი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისი ერთ-ერთი არგუმენტიც, ბუაძის მსგავსად, იყო ის, რომ ოპოზიციამ შეთანხმებას საერთო ფორმატში უნდა მიაღწიოს და არა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე.

მოქალაქეებისა და გირჩის ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.

იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერები, გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.

გაიგეთ მეტი: