პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში "ორი კაცის კი არა, გაცილებით მეტი დეპუტატის გასაკეთებელს" გააკეთებენ. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"რასაც ხალხს ვპირდებოდით, რომ ხალხის პრობლემების მთქმელები და გამხმოვანებლები ვიქნებოდით, იმას გავაკეთებთ. პატარა კაფეები, სასტმუროები, რესტორნები უმუშევრადაა დარჩენილი ხალხი და მთავრობამ სუბსიდია ვის მისცა? მათ მისცა? არა — დეველოპერულ კომპანიებს. ვაცქინაცია როდის დაიწყება? შემზარავი წასაკითხია, რომ წლის ბოლომდე მარტო 10 ათასამდე ადამიანს გაუკეთდება ვაქცინა. სირცხვილი არ არის? რატომ არ დაიჭირა თადარიგი ამაში ქართულმა ოცნებამ? ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, ხალხის რეალურ პრობლემებზე ვილაპარალებთ, ვიბრძოლებთ, ვიჩხუბებთ იქ. არ შევდივართ სასეიროდ და სასეირნოდ", — განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ დაასრულა ოპოზიციასთან "მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც". მან Facebook-ზე გამოქვეყვებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან ქართულ ოცნებასთან დასალაპარაკებლად.

19 იანვარს, ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძე განცხადებით, პარტია საერთო ოპოზიციური ფორმატის მიღმა, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ გეგმავს.

გირჩსა და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებზე 18 იანვარს, საჯაროდ თქვა უარი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისი ერთ-ერთი არგუმენტიც, ბუაძის მსგავსად, იყო ის, რომ ოპოზიციამ შეთანხმებას საერთო ფორმატში უნდა მიაღწიოს და არა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე.

მოქალაქეებისა და გირჩის ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.

იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერები, გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.

გაიგეთ მეტი: