ივერი მელაშვილის ცოლის, თამარ სულაძის განცხადებით, რაც არ უნდა თქვას პროკურატურამ, არაფერი იქნება ისეთი, რაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობას დაამტკიცებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"თუ ჰქონდათ რაღაც ჩანაწერები, რომელიც მათ ბრალეულობას ადგენდა, რაში სჭირდებოდა ამას 4 თვე ლოდინი? თუ ეს ჩაიწერეს აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, მაშინ დეკემბერის დასაწყისში სასამართლო რომ უნდა ყოფილიყო და მათ არ ჰქონდათ არც მტკიცებულება, არც მოტივი და ამიტომ გადაადებინეს 2 თვით? რაც არ უნდა თქვან, არაფერი იქნება ისეთი, რომ ამათ ბრალეულობას ამტკიცებდეს, [...] თუ ნამდვილად არის ეს მტკიცებულებები და თუ არ არის მონტაჟი. ", — განაცხადა სულაძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერების ნახვა ჯერ კარგად ვერ მოახერხა, თუმცა მელაშვილის ცოლი არ გამორიცხავს არც მონტაჟს.

"შეიძლება ყველაფერი იკადრონ, ისეთ რამეს კადრულობენ, რომ აღარაფერი გამაკვირვებს. მე ის ვიცი, რომ არაფერს დანაშაულებრივს ესენი არ ჩაიდენდნენ", — განაცხადა მან.

დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

უწყების თქმით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტი ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით აღიჭურვა.