საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომზე დეოკუპაციისა და დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოსა რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში", — აცახდებს ზალკალიანი.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე.

"სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის - სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ძალისხმევის შედეგი და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით", — აცხადებს ის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. სასამართლოს დიდმა პალატამ, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამ და სხვა დარღევევების აღიარებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა დასტურდება.

გაიგეთ მეტი: