ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია ამბასადორი ახორციელებს. მათი ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის ღირებულება 40 მლნ დოლარს შეადგენს და ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ამბასადორის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტილება პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებათმცოდნეთა საექსპერტო კვლევა.

"მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის კონცეფცია მოიცავს რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის გარე ფასადი და შიდა სივრცე იქნება სრულად გამწვანებული, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს ბათუმის გამწვანებაში. პროექტის ფასადი წარმოადგენს მინისა და ლითონის სინთეზს. ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის საფასადე ვერტიკალური მცენარეების სიმწვანის ეფექტი, წარმოადგენს ბულვარის გამწვანების ერთგვარ გაგრძელებას", — აცხადებენ კომპანიაში.

ფოტო: ამბასადორი

მათივე თქმით, საინვესტიციო პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბათუმის ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ამბასადორ ჯგუფის მესამე მსხვილი საინვესტიციო პროექტია აჭარაში. 2021 წლის თებერვალში მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება 120 ნომრით, წლის ბოლოს სასტუმროს მეორე შენობაც შეემატება და ჯამში 230-მდე ნომრით უმასპინძლებს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს. ამბასადორი გოდერძი 300-მდე თანამშრომლის დამსაქმებელი იქნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარზე მეტია.

ამბასადორში ამბობენ, რომ აჭარის რეგიონში მთლიანობაში 1 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს და პროექტების ერთიანი ღირებულება 100 მლნ დოლარს შეადგენს.

"მსგავსი ტიპის საინვესტიციო აქტივობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხით", — აღნინავენ კომპანიაში.