იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

"ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ, რომელიც არ საჩივრდება, მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს, აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისათვის, შესაბამისად სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი — ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის რუსეთი დაადანაშაულა.

სასამართლოს დიდმა პალატამ, ასევე, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.