საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს და კერძოდ ყოფილ მინისტრ, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, "მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა".

"მე მინდა კერძოდ დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ დიდი წვლილი მათ ეკუთვნის ამ გამარჯვებისა. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა", — თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს სიმბოლური დღეა, რადგან გადაწყვეტილება მაშინ გამოქვეყნდა, როცა ის ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

"დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები აქა ბრუსელიდან, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ეს დღეს ისტორიულიცაა, რადგან ოკუპაციიდან 100 წლის თავზე გამოცხადდა გადაწყვეტილება.

"ისტორიული არის და შემთხვევითი არაფერი არ ხდება, ეს ხდება 100 წლის მერე ჩვენი ოკუპაციის 100 წლის მერე, 30 წლის მერე იმის მერე, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამ 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაში ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული. სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის, იმიტომ, ეს არის ის საყრდენი, რაზედაც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება", — აღნიშნა მან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის რუსეთი დაადანაშაულა.

სასამართლოს დიდმა პალატამ, ასევე, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

გაიგეთ მეტი: