აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს გამთენიისას თეთრი სახლი პრეზიდენტის რანგში დატოვა და მელანია ტრამპთან ერთად ენდრიუსის ბაზაზე გაფრინდა, იქედან კი ფლორიდაში გაემგზავრა.

ტრამპი არ დაესწრო ჯო ბაიდენის ინაუგურაციას და ამით ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიცია დაარღვია, თუმცა ცნობილია, რომ მან ამერიკის 46-ე პრეზიდენტს წერილი დაუტოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯუდ დირმა დაადასტურა.

როგორც წესი, პრეზიდენტები თეთრი სახლის დატოვებისას ღია ბარათს ან წერილს უტოვებენ მომავალ მოსახლეს, მას გამარჯვებას ულოცავენ და მხარდაჭერას გამოხატავენ. თუმცა, უცნობია, რა წერია ტრამპის წერილში, რადგან მან ბაიდენის გამარჯვება არ აღიარა.

"ეს უბრალოდ წერილია 46-ე პრეზიდენტისთვის 45-ე პრეზიდენტისგან", — აღნიშნა დირმა.

კამალა ჰარისისთვის წერილი დატოვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც.

"რთულ მომენტებში ყოვლისშემძლე ღმერთი შენს გვერდით იქნება, ახლოს გეყოლება მოსიყვარულე ოჯახი და ქვეყანა, რომელსაც შენი სჯერა. მათ შორის მომიაზრე მეც", — ეწერა წერილში, რომელიც რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა 2009 წელს დემოკრატ ბარაკ ობამას დაუტოვა.

ტრადიციას მიჰყვა ობამაც.

"პრეზიდენტობა დროებითია, ხოლო ჩვენ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ტრადიციების მცველები უნდა ვიყოთ", — ეწერა მის მიერ ტრამპისთვის დაწერილ წერილში.

1993 წელს წერილით გაამხნევა ბილ კლინტონი ჯორჯ ბუშ უფროსმაც, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ბანაკში იყვნენ და წინასაარჩევნოდ მკაცრადაც აკრიტიკებდა:

"არასდროს მიგრძვნია ის მარტოსულობა, რომელზეც პრეზიდენტები ყვებიან. თუმცა, იქნება რთული სიტუაციები, რასაც კიდევ უფრო გაამწვავებს კრიტიკა, რომელიც უსამართლო მოგეჩვენება. რჩევების მიცემა არც თუ კარგად გამომდის, მაგრამ არ მისცე კრიტიკას უფლება დანებებისკენ გიბიძგოს".

ამავე თემაზე: