პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ვერსიით, 2007 წლის ნოემბერში, როცა რუსთაველის გამზირზე აქციები მიმდინარეობდა, ადეიშვილმა დაიბარა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით ქარსელაძე და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფს ეკონტროლებინათ ხალხმრავალი ადგილები — ე.წ. ელიავას, "ვაგზლისა" და ლილოს ბაზროვები. პროკურატურა აცხადებს, რომ დავალევა იყო ოპოზიციის ლიდერები გამოჩენის შემთხვევაში, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება.

"2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ორჯერ იქნა დარბეული სამართალდამცავების მიერ, რა დროსაც განადგურდა აქციის გასამართად საჭირო აპარატურა. ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამოდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. "ელიავას" ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათ ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები", — აცხადებენ უწყებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.