სამოქალაქო ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით დაინტერესდნენ და მსჯავრდებულთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამის შესახებ NGO-ებმა საერთო განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობოების განცხადებით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს და მოითხოვენ, რომ ციხეებში ომბუდსმენის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები იყოს გარანტირებული.

სახალხო დამცველმა 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ციხეებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული გარკვეული ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარასა და აგრესიას სისტემატურად ახორციელებს. სახალხო დამცველის თქმით, ამ უკანონო ქმედებების მიზანი პატიმრებთან მათი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლაა.

NGO-ების განცხადებით, ციხეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებს და მათ ეფექტიან მუშაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულთა უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. ამასთან, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

"ამ ფონზე, ორმაგად სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული პრობლემები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და წინა შემთხვევების მსგავსად, ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერადაც უარყოფენ ციხის სუბკულტურის არსებობას და მასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობოების თქმით, ამის ნაცვლად, გასულ თვეებში არაერთხელ ვიხილეთ პერსონალურად სახალხო დამცველზე, ან მის მიერ გაწეულ საქმიანობაზე უსაფუძვლო კრიტიკა. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრობლემის არაღიარება და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე მათი გადაბრალება, ვითარების კიდევ უფრო დამძიმების რისკებს ქმნის და ციხეებში ომბუდსმენის ინსტიტუტის ნდობას ასუსტებს.

NGO-ები აცხადებენ, რომ ამის ფონზე აუცილებელია:

  • სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება, რომელიც წარიმართება დროულად და მაღალი გამჭვირვალობით;
  • იუსტიციის სამინისტრომ გაატაროს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის და ე.წ. მაყურებლების გავლენების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებულ პირთა უფლებების მაღალ დონეზე დაცვა;
  • პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების დაუბრკოლებლად, უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში საქმიანობა და მსჯავრდებულებთან მათი კომუნიკაციის დაცულობა.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.