დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე საქართველოში ბრუნდება. გასული წლის ოქტომბერში ელჩმა კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის ბრალს აბსურდული უწოდა.

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, გიგიაძე რეზერვში გადაჰყავთ, რაც სწორედ მელაშვილის მიმართ გაკეთებულ მის განცხადებას უკავშირდება.

გიგი გიგიაძე დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ელჩად 2017 წელს დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ როტაციის პრინციპის შესაბამისად, როდესაც ელჩი ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში.

"თუ რა სახით რჩება სისტემაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მისი დაბრუნების მერე", — აღნიშნეს სამინისტროში.

კარტოგრაფების საქმეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ელჩის განცხადების შესახებ თავადაც არაფერი იცოდა და მასაც გაუკვირდა ელჩის "ემოციური დამოკიდებულება კოლეგის მიმართ". ამასთან, ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გიგიაძემ დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტი "უხეშად" დაარღვია.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას ეხებოდა. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში განმარტეს, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებდა. ნაწილი აცხადებდა იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საზღვარზე გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებზე აჩენს ეჭვს.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.