მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამია სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 თებერვალს გაიმართება.

"2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც 8 მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონავირუსის გამო მორატორიუმი", — წერს ის ფეისბუქსში.

რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. ეს ბრალი მას 2019 წლის აგვისტოში წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ფულის გათეთრება ედება.

ერთ-ერთი საქმე ეხება ინტერ მედია პლიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიას რეკლამა უნდა განეთავსებინა. საქართველოს პროკურატურის განმარტებით, გვარამია მოქმედებდა რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა მისი მეგობრების კუთვნილ კომპანიას ინტერ მედია პლიუს გამორჩენის მისაღებად გაუფორმა ხელშეკრულება, შემდეგ კი განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება 6 763 510 ლარი განზრახ არ მოითხოვა. მათი თქმით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

2019 წლის 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ის, ასევე, აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა.