მას შემდეგ, რაც უკვე ვიხილეთ გახმაურებული სერიალის ეიფორია პირველი სპეციალური ეპიზოდი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოვიდა, HBO-მ სულ ახლახან დაპირებული მეორე სერიის ტრეილერი გამოაქვეყნა.

როგორც უკვე ვიცოდით, ეს სერია მთლიანად ჯულსის პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება და ამ ერთწუთიანი ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, წინ ნამდვილად ემოციური სანახაობა გველოდება:

მეორე ეპიზოდის სახელწოდებაა F*ck Anyone Who’s Not A Sea Blob (შევე*ი ყველას, ვინც ზღვის უცნაური არსება არ არის). მისი პრემიერა HBO-ზე 24 იანვარს შედგება, გაცილებით ადრე, 22-ში კი სტრიმინგ სერვის HBO Max-ზე გამოვა.

ერთგული მაყურებლები მოუთმენლად ელიან ეიფორიის მეორე სეზონის გამოსვლას, რომლის გადაღებებსაც პანდემიამ შეუშალა ხელი და გასული წლის ნაცვლად, 2021 წელს გამოვა სრულად. მანამდე კი შოუს შემქმნელებმა დააანონსეს, რომ ორი შუალედური ეპიზოდი გამოვიდოდა: მათ შორის პირველი უკვე ვიხილეთ დეკემბერში, რომელიც ემის ნომინანტი მსახიობის, ზენდეიას პერსონაჟის განცდებს აღწერდა, მეორე სერია კი ჰანტერ შეფერის გმირის, ჯულსის მხარეს გვაჩვენებს.

"რუა პირველი გოგო, რომელმაც უბრალოდ კი არ შემომხედა, არამედ დამინახა — ჩემი პიროვნების ყველა შინაგანი შრე განჭვრიტა", — ამბობს ჯულსი ტრეილერში.

"მაშინ რატომ გაიქეცი?" — ისმის რუს ხმა.

ამ კითხვაზე პასუხის პოვნას, ალბათ, ჯულსთან ერთად მაყურებელი ახალ სერიაში ეცდება.