საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონკრეტული პირები თავიანთი უარყოფითი პოლიტიკური განწყობების ციხეებში გადატანას ცდილობენ. ასე შეაჯამა მან დღევანდელი განცხადება ციხეებში არსებულ იერარქიაზე.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურები, პატიმრები, რომლებიც, მისივე თქმით, თავად ციხის ადმინისტრაციისგან არიან წახალისებულები, ხელს უშლიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სხვა პატიმრებთან კომუნიკაციაში. ლომჯარიას თქმით, ამის შესახებ არაერთხელ ესუაბრა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, თუმცა ვითარება არ იცვლება.

"ჩემი შთაბეჭდილება არის ის, რომ კონკრეტული პირები, თავიანთი პოლიტიკური, უარყოფითი განწყობების გადატანას ცდილობენ ციხის შიგნით სიტუაციაზე. რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კონკრეტული პირების, თუნდაც პირადი ანგარიშსწორების, სახალხო დამცველის მიმართ, გამოვლინება [...]

მე პირველად არ ვსაუბრობ ამ საკითხებზე. მქონია ძალიან ბევრი შეხვედრა — პირადი საუბრებიც, სამუშაო ფორმატში საუბრებიც, პოლიტიკური თანამდებობის პირებთანაც, იმ ადამიანებთანაც, ვისი კონტროლის ქვეშაც უნდა იყოს ეს სისტემა და ყველა არის ინფორმირებული შემქნილი ვითარების თაობაზე. თუმცა, დღემდე ნაბიჯები არ გადადგმულა", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ მთავარი არხის ეთერში.

ლომჯარია ამბობს, რომ ამ, ე.წ. კრიმინალური სუბლკულტურის წარმომადგენლები აშინებენ პატიმრებს, რათა მათ არ ისაუბრონ ციხეებში არსებულ პრობლემებზე. ისინი, ასევე, თავს ესხმიან ციხეებში სამუშაოდ შესულ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

"როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ შევიდეთ კომუნიკაციაში და კონტაქტში პატიმრებთან, მაშინვე ჩნდებიან ეს კონკრეტული ადამიანები, დაჯგუფება. ეს არიან ერთი და იგივე ადამიანები, იმიტომ, რომ როდესაც განმეორებით მოხდა თავდასხმა, ისინი თავადვე ადასტურებდნენ, რომ ჩვენ ხომ გითხარით, რომ დაგეტოვებინათ დაწესებულება.

მუქარის მთავარი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იქ არაფერი პრობლემური არ ხდება, ციხეში ყველა კმაყოფილი და ბედნიერია, მათ არ აქვთ პრეტენზიები ადმინისტრაციასთან, აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებსაც", — აცხადებს ლომჯარია.

არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სახალხო დამცველი მთავრობას, კონკრეტულად კი იუსტიციის სამინისტროსა და მის ქვეუწყებას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შეუძლიათ აღნიშნული ვითარების ცვლილება. თუმცა, ნაცვლად ამისა, ვხედავ, რომ ამ პატიმრებს, კონკრეტულ პირებს, ამხედრებენ და იყენებენ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომ თუნდაც, სახალხო დამცველი "დასაჯონ" ან აუმხედრონ კონკრეტული პირები იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, იმაზე, რაც აწუხებს პატიმართა უმრავლესობას, მაგრამ, ისინი ვერ საუბრობენ ხმამაღლა ამის თაობაზე", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ,

დღეს ნინო ლომჯარიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობს ციხის ადმინისტრაციის მიერ მართულ პატიმართა ჯგუფზე, ე.წ. კრიმინალურ სუბკულტურაზე, რომლებიც, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები არიან, თავს ესხმიან და ემუქრებიან მათ.

ლომჯარია იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ბრალდებებს უარყოფენ.

გაიგეთ მეტი: