საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონრპოექტი, რომელიც ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობების დაზუსტებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკაში და კანონის აღსრულების პროცესში ქმნის პრობლემას. მისივე თქმით, კანონმდებლობის ამ ნაკლოვანებას ხაზი გაესვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებშიც.

კანონპროექტით განისაზღვრება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. სარგველაძის თქმით, ზუსტი ოდენობები პროექტის გამოქვეყნების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

"ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ეს იწვევს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ არაპროპორციული სასჯელების გამოყენებას, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელის სახით. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი პირდაპირ ექცევა სისხლის სამართლის არაპროპორციულად და უსამართლოდ მკაცრი ნორმების მოქმედების სფეროში", — აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, კანონპროექტით არ ხორციელდება ნარკოდანაშაულის რაიმე ფორმით დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია. ასევე, კანონპროექტი ვერ იქონიებს გავლენას ნარკოდანაშაულის ზოგიერთი მძიმე ფორმის (მაგალითად, გასაღების, რეალიზაციის) კვალიფიკაციაზე.

"ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოსახმარი ერთი დოზის ოდენობა. ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის რაიმე სახით წახალისება", — აღნიშნა სარჯველაძემ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.