საქართველოს უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა მუშაობა, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 20 იანვარს 17:00 საათზე შეაჩერა.

ენგურჰესზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი. 15,5 კილომეტრი სიგრძის დერივაციული გვირაბი გადაუდებელ განახლებას საჭიროებს. ეს ის გვირაბია, საიდანაც წყალსაცავიდან წყალი აგრეგატებს მიეწოდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, წყალი უნდა დააშრონ და იმ აგრეგატების მუშაობა შეაჩერონ, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, 4 თვეს გასტანს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში On.ge-ს 2020 წლის ნოემბერში განუცხადეს, რომ ენგურჰესის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხიდან 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი კი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) სესხია, რომელსაც შპს ენგურჰესი დაფარავს.

ეკომიკის სამინისტროში, ასევე, გვითხრეს, რომ ენგურჰესის დროებითი გაჩერების შემდეგ, საქართველოს ელექტოენერგიით მომარაგება ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების საშუალებით მოხდება, ხოლო წარმოქმნილი ენერგოდეფიციტი მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით დაიფარება.

რაც შეეხება, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას, როგორც უწყებაში გვითხრეს, ენგურჰესის დროებით გაჩერების პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს.

ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესის პირველი აგრეგატი 1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა. კომპანიის ინფორმაციით, თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე, კომპანიამ 120 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენგურჰესის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტს შეადგენს.

ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები, მართვის პულტი, აფხაზეთის მხარეს, კაშხალი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის 1990-იან წლებში მიღწეული "ჯენტლმენური" შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 60% ქართულ მხარეზე, 40% კი აფხაზეთზე გადანაწილდა. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს გადანაწილება თითქმის არასდროს სრულდებოდა და ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის 100%-სა და მეტს მოიხმარდა. დღესდღეობით, ენგურჰესი ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ.