საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა.

"2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14,8%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342,1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (12,0%-ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005,6 მილიონ აშშ დოლარს (15,9%-ით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,1%-ია", — წერია საქსტატის ანგარიშში.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოსთვის უმსხვლის საექსპერტო სამეულში შედიან ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

"2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75,9 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476,3 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441,3 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (441,1 მილიონი აშშ დოლარი)", — წერია განცხადებაში.

რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო სამეულს, მათი თანმიმდევრობა ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი.

2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69,9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 407,0 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (887,2 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (708,7 მილიონი აშშ დოლარი)", — წერია საქსტატის განცხადებაში.

რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორებს, უმსხვილესი პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

"2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70,4% პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597,5 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (1 328,2 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185,0 მილიონი აშშ დოლარი)", — წერს საქსტატი.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, ხოლო საიმპორტოში — მსუბუქმა ავტომობილებმა.