NASA ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალხარისხიანი ვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენებით. 2017 წელს, კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტებმა, პეგი უიტსონმა და ჯეკ ფიშერმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან 4K ულტრა მაღალი გარჩევადობით პირდაპირი ეთერით გაუშვეს. ამის შემდეგ, NASA განაგრძობს 4K ვიდეოების გადაღებას და გვთავაზობს თვალწარმტაცი კადრების გალერეას. ამ სტატიაში გიზიარებთ 4K კოსმოსური ვიდეოების კრებულს.

1. 17 აპრილის მზის ელვარება

2016 წლის 17 აპრილს, NASA-ს Solar Dynamics ობსერვატორიამ გადაიღო მზის მარჯვენა მხარის აქტიური რეგიონი. ამ ვიდეოს განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ასტრონომებმა მოახერხეს მზის ელვარების გადაღება ულტრაიისფერი სინათლის რამდენიმე სხვადასხვა ტალღის სიგრძით, რომლებიც ჩვენი თვალისთვის უხილავია. თუმცა ობსერვატორიის ფოტოებში, განსხვავების შესამჩნევად, იგი ხილული ფერებითაა შეცვლილი. სინამდვილეში ის, რასაც ამ ვიდეოზე ვხედავთ მონტაჟია, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ფერი სინათლის სხვადასხვა სპექტრშია გადაღებული.

2. ჩრდილოეთის ციალი კოსმოსიდან

ალბათ, ბევრი თქვენგანი ოცნებობს, რომ ერთხელ მაინც შეძლოს ჩრდილოეთის ციალის ხილვა საკუთარი თვალებით. თუმცა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის UHD (ულტრა მაღალი გარჩევადობის) კამერის წყალობით, შეგვიძლია ამ ფენომენის და ჩვენი პლანეტის საუკეთესო ხედების ვიდეოს ვუყუროთ და ასე მაინც ვიხილოთ ეს მოვლენა. აქ დაინახავთ როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის ციალის ამსახველ კადრებს. როგორც ვიცით, ამ მოვლენას იწვევს მზის ქარის დამუხტული ნაწილაკების დედამიწის ზედა ატმოსფეროს ნაწილაკებთან ურთიერთქმედება.

3. Apollo 13-ის მთვარის ხედები

ამ ვიდეოში იხილავთ Lunar Reconnaissance Orbiter ხომალდის ხედებს. ხომალდი ამჟამად ისევ გარს უვლის მთვარეს. მისიის მიზანია დაგვანახოს ის, თუ რას ხედავდნენ Apollo13-ის ასტრონავტები მთვარის გარშემო მოგზაურობის დროს 1970 წელს.

4. იუპიტერი

ეს სურათები ჰაბლის ტელესკოპმა 2015 წელს გადაიღო და იმ დროისთვის ნამდვილი მიღწევა იყო. იგი წარმოადგენდა ჰაბლის მიერ მზის სისტემის გარე პლანეტების წლიური გადაღების სერიის ნაწილს. პროექტი შეიქმნა მაშინდელი და მომავალი მეცნიერებისთვის, რათა მათ დაენახათ თუ როგორ იცვლებიან ეს გიგანტური პლანეტები წლების მსვლელობასთან ერთად. მოგვიანებით გამოიკვეთა დეტალები, რომლებიც იუპიტერზე არასდროს შეუმჩნევიათ, მათ შორის იშვიათი ტალღა პლანეტის ეკვატორის ჩრდილოეთით და უნიკალური ძაფისებრი ნიშანი, დიდი წითელი ლაქის შიგნით.

5. The Sound of Silence

"გიზიარებთ ჩვენი პლანეტის შეუდარებელ სილამაზეს, ჩვენს თანამგზავრებთან ერთად, ხომალდიდან Earth", — თქვა რუსმა ასტრონავტმა სერგეი რიაზანსკიმ თავის ვიდეოზე. აქ იხილავთ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ დედამიწის კადრებს, რომლებიც გადაღებულია მაშინ, როდესაც ISS დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმყოფებოდა, 2017 წლის აგვისტო-ოქტომბერში.

6. წყნარი ოკეანე და ქალაქის განათებები

ამ ვიდეოში წარმოდგენილია NASA-ს ასტრონავტის, ჯეკ ფიშერის მიერ გადაღებული გამოსახულებები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, 4K UHD-ს გამოყენებით. ვიდეო გვიჩვენებს წყნარი ოკეანის მთვარის ელვარებას სან ფრანცისკოს, კალიფორნიის, დენვერისა და კოლორადოს თავზე. ეს მოვლენა დაიკვირვება მაშინ, როდესაც მთვარიდან წამოსული სინათლე ეცემა ზღვას ან ოკეანეს და აირეკლება გარკვეული კუთხით, რაც ქმნის იშვიათ ნათებას. მისი დანახვა არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი.

7. ევროპა კოსმოსიდან

ამ ვიდეოს საშუალებით NASA გიზიარებთ კოსმოსიდან დანახულ სამხრეთ ევროპას. როგორც ჩანს, დედამიწიდან 400 კილომეტრით დაშორებული 4K კამერისთვის 3 წუთიც საკმარისია მთელი სამხრეთ ევროპოს გადასაღებად. ეს UHD ვიდეო 2016 წლის აგვისტოშია გადაღებული, მაშინ, როდესაც ISS დედამიწიდან დაახლოებით 1600 კილომეტრით იყო დაშორებული.

8. Mercury Transit

2019 წლის 11 ნოემბერს, NASA-ს Solar Dynamics ობსერვატორია აკვირდებოდა მერკურის გადაადგილებას მზის გარშემო. საოცარი ისაა, თუ როგორ გამოიყურება ეს პლანეტა ვარსკვლავთან მიმართებაში. მერკური არის მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 4800 კილომეტრია, აქ კი იგი პატარა მარმარილოს ბურთულას გავს. ეს ვიდეო ობსერვატორიამ სინათლის სხვადასხვა სპექტრში გადაიღო.

9. A Flight Through the CANDELS Ultra Deep Survey Field

ამ ვიდეოს დედამიწიდან ექვსი მილიარდი სინათლის წლის დაშორებით მივყავართ და გვიჩვენებს სხვადასხვა გალაქტიკებს და მათ განაწილებას სივრცეში. CANDELS (Cosmic Assembly Near-infrared Deep Extragalactic Legacy Survey) არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელიც ჰაბლს განუხორციელებია.

10. თერმობირთვული ხელოვნება

ეს 30 წუთიანი ვიდეო გვიჩვენებს მზის ზედაპირის თვალწარმტაც კადრებს. NASA-ს Solar Dynamics ობსერვატორიის კადრებიდან, რომელიც ვარსკვლავს კვირაში შვიდი დღე, 24 საათის მანძილზე აკვირდება, 10 სხვადასხვა ტალღის სიგრძითაა გადაღებული — თითოეული მათგანი შეესაბამება განსხვავებულ ტემპერატურას. აქ ასევე დაინახავთ მზის ქარებს — ნაწილაკების გიგანტურ ნაკადებს, კორონალური მასის ამოფრქვევებს და მზიურ ელვარებას.

11. დედამიწა

ჩვენი პლანეტის ეს UHD ვიდეო NASA-ს ასტრონავტმა, ჯეფ უილიამსმა 2016 წელს ISS-დან გადაიღო. ვიდეო გადაღებულია 400 კილომეტრი სიმაღლიდან და მასში მთელი დედამიწა ჩანს. აღსანიშნავია, რომ ჯეფ უილიამსმა კოსმოსურ სადგურზე 530 დღე გაატარა.

12. ფერადი სითხე კოსმოსში

დაბოლოს, სახალისო ვიდეო ასევე ISS-დან. ასტრონავტებმა კოსმოსურ სადგურზე მოტივტივე წყლის წვეთში შეიყვანეს შუშხუნა წამალი და გადაიღეს იგი 4K კამერით. RED-ის (ციფრული კინო კომპანია) Epic Dragon კამერას კადრების დაფიქსირება შეუძლია არნახული სიჩქარითა და ძალიან მაღალი გარჩევადობით, რაც შესანიშნავ ეფექტებს ქმნის.