შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში იაგო ხვიჩიას ციტატა წარმოდგენილი იყო არასრულად, რასაც, შესაძლოა, შეცდომაში შეეყვანა მკითხველი. კერძოდ, ციტატა იყო ამ ფორმით: "შეიძლება გაბრაზებულები ვიყოთ, შეიძლება სამართლიანადაც, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არასწორია" და უნდა ყოფილიყო შემდეგნაირად: "შეიძლება გაბრაზებულები ვიყოთ, შეიძლება სამართლიანად ან უსამართლოდ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არასწორია". On.ge ბოდიშს იხდის უზუსტობის გამო.

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია რუსთავის 2-ის ეთერში ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს დაპირისპირებას გაემიჯნა. მან აღნიშნა, რომ, რაც სტუდიაში ხდებოდა მიუღებელია და ამის გამო ელისაშვილს უსაყვედურა.

"მე ვემიჯნები ამ ინციდენტს თავიდან ბოლომდე და მე შემოსვლამდე ალეკოს საყვედური ვუთხარი ამის გამო. ასე ქცევა, ჩემი აზრით, არ შეიძლება. შეიძლება გაბრაზებულები ვიყოთ, შეიძლება სამართლიანად ან უსამართლოდ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არასწორია. არ შემიძლია მე ეს არ ვთქვა", — განაცხადა ხვიჩიამ.

პასუხად ელისაშვილმა განაცხადა, რომ ხვიჩიას საყვედურს არ იღებს, რადგან მისივე თქმით, დაპირისპირება მას არ გაუმწვავებია.

"იაგოს საყვედურს არ ვიღებ, ასევე, კატეგორიულად, იმიტომ, რომ მე არ დამიწყია გამწვავება აქ და არავის არ ვაპატიებ, რომ მე მატყუარა დამიძახოს", — განაცხადა მან.

ღამის კურიერის ეთერში ლელოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციის მოლაპარაკებების განხილვისას ხაზარაძემ ელისაშვილს მატყუარა უწოდა, რასაც დაპირისპირება მოყვა. პოლიტიკოსები სკამებიდან წამოდგნენ და ერთმანეთს უყვიროდნენ, ამ დროს მათ შორის წამყვანები, დაცვის წევრი და გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ჩადგნენ.

გაიგეთ მეტი: