დღეს, 19 იანვარს Facebook-ზე გავრცელდა ფოტოები, სადაც თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სკამებში ჩამონტაჟებული "ნაგვის ურნები" ჩანს. On.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ დედაქალაქში ასეთი სკამები არ დაუმონტაჟებიათ.

აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის ნაგვის ურნა და სინამდვილეში, ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეებმა სკამები დადგეს, რომლებშიც მცენარეებისთვის ქოთნებია ჩამონტაჟებული.

რესტორან იმერის მფლობელი, ლადო პიტავა On.ge-სთან ჰყვება, რომ ადგილზე სკამების დადგმა და მცენარეების დარგვა 27 დეკემბერს დასრულდა. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ქალაქგარეთ გასვლა მოუხდა, რამდენიმე დღეში დაბრუნებულს კი, გამწვანების ნაცვლად სკამებს შორის ნაგავი დახვდა.

ნაგავი სკამებში

ფოტო: მარინე აბუაშვილი

"გოგებაშვილის ქუჩაზე ჩვენი რესტორნის წინ ტროტუარი მოვაწესრიგეთ, გავალამაზეთ და დავდგით სკამები, რომელშიც მცენარეების ქოთნებია ჩამონტაჟებული. მოგეხსენებათ, გოგებაშვილზე რამხელა პრობლემაა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ვიფიქრეთ, ამით ჩვენც პატარა წვლილს შევიტანდით იქაურობის კეთილმოწყობაში. დღეს გავიღვიძე და მთელ ფეისბუქსივრცეში ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე", — ამბობს ლადო პიტავა.

ასე გამოიყურება ნაგვის ურნად ქცეული სკამები გამწვანების შემდეგ

ფოტო: ლადო პიტავა

მან On.ge-ს განუცხადა, რომ ნაგვის ურნად ქცეული საყვავილე ქოთნები უკვე მოაწესრიგეს და როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, მცენარეები ჩარგეს.