თითქოს საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც ამ "არასაიმედო დროში" ცხოვრებაზე საუბარი დავიწყეთ. უკვე თვეებია, ჩვენი რუტინა შეიცვალა და იძულებული გავხდით, რომ ახალ გარემოს შევგუებოდით. ბევრის პირადი გამოცდილებით, ამას შედეგად ფსიქიკური გამოფიტულობის მდგომარეობა მოჰყვა. ისე ჩანს, რომ სულ უფრო რთულია, გარკვეული დროით კონცენტრაციის მოკრება, თითქოს, ყველანი მუდმივი გონებაგაფანტულობის კოლექტიურ მდგომარეობაში ვართ.

"ისეთი შეგრძნება მქონდა, გეგონება, თავში აგური მაწვებოდა, რომელიც წიგნის ფურცლებზე კონცენტრირებში ხელს მიშლიდა", — ამბობს მწერალი და ლიტერატურის მოყვარული, სოფი ვერშბოუ, რომელმაც ეს განწყობა პანდემიის თავდაპირველ ეტაპზე შენიშნა, როდესაც "წიგნის წასაკითხად საკმარისი კონცენტრაციის არარსებობის" შესახებ დაწერილმა მისმა ტვიტმა 2000–ზე მეტი "მოწონება" მოაგროვა. ის ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი რამ აწუხებს: ინტერნეტში უამრავ სტატიას გადააწყდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ვერ კონცენტრირდებიან, "დანისლული გონება" აწუხებთ ან "კონცენტრაციის მორჯულებას" ცდილობენ.

რა თქმა უნდა, ყურადღების გაფანტვის ეს სუბიექტური შეგრძნება მეტწილად ჩვენი თანამედროვე ცხოვრების პრაქტიკებს უკავშირდება. ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით დასაქმებული მშობლებისთვის, სახლიდან მუშაობაზე უეცარმა გადასვლამ გაამძაფრა კარიერული და პირადი ცხოვრების კონფლიქტი: რთულია, ფოკუსირდე ანგარიშის ანალიზის ელექტრონულ ცხრილზე, როდესაც შენი შვილები ტელევიზორის პულტისთის ჭიდაობენ. თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. მაშინაც კი, როდესაც სამუშაო დღე დასრულებულია და ბავშვები საწოლში არიან, მაინც ძნელია, წიგნში თავის ჩასარგავად კონცენტრაცია გამოვძებნოთ.

მართალია, ის თავდაპირველად ცოდნის ათვისების კონტექსტში შეიქმნა, თუმცა არსებობს ერთი ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც, შესაძლოა, იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ რატომ აქცია კოვიდ–19–ის ეპოქაში ცხოვრებამ ჩვენი ტვინები მთხლედ. მას კოგნიტური დატვირთვის თეორიას უწოდებენ. იგი პირველად ავსტრალიელმა განათლების ფსიქოლოგმა, ჯონ სველერმა შეიმუშავა. მარტივად რომ ვთქვათ, კოგნიტური დატვირთვის თეორია ჩვენს გონებას ინფორმაციის გადამამუშავებელ სისტემად წარმოიდგენს. პრობლემის მოგვარებაზე მუშაობისას, განსაკუთრებით თუ უცნობ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, დამოკიდებული ვართ ჩვენსავე "მუშა მეხსიერებაზე", რომელიც ინფორმაციას როგორც მოცულობაში, ისევე დროში, ძალიან შეზღუდულად ინახავს. რაც უფრო ნაკლებად ნაცნობია დავალება, რომელთან გამკლავებასაც ცდილობთ, მით მეტად ხართ დამოკიდებული მუშა მეხსიერების მიერ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამუშავებაზე. ამის საპირისპიროდ კი, როდესაც უკვე კარგად ერკვევით კონკრეტულ საკითხში, ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, ხანგრძლივადაა შენახული მეხსიერებაში და დავალებასაც ავტომატურად ართმევთ თავს.

ახალი ამოცანები, სტრესის ახალი დონეები

კოგნიტური დატვირთვის თეორია გვთავაზობს სურათს, თუ რა გზებით შეიძლება ახერხებდეს პანდემია ჩვენი გონების მუშაობის შეფერხებას.

პირველ რიგში, ახალ რუტინებში ჩათრევით პანდემიამ წაგვართვა უნარი, უკვე დასწავლილი ცოდნით ავტომატურად ვაკეთოთ რაღაცები. ავიღოთ სამუშაო შეხვედრა: მანამდე თქვენ უბრალოდ დაესწრებოდით და ჩაერთვებოდით დისკუსიაში, ახლა კი, თუ დისტანციურად მუშაობთ, უნდა ჩართოთ ვიდეოკონფერენციისთვის განკუთვნილი პროგრამა, ინერვიულოთ ინტერნეტკავშირის გამართულობაზე, თქვენი კომუნიკაცია დროის ინტერვალებს მოარგოთ და ასე შემდეგ. იგივე ეხება ისეთ საშინაო ამოცანებსაც, როგორიცაა, მაგალითად, მაღაზიაში პირადად ყიდვის ნაცვლად პროდუქტების ონლაინშეკვეთა. ადაპტაციის ეს გარდაუვალობა გვაიძულებს, გამოვრთოთ გონების ავტოპილოტი და მოვიხმოთ ჩვენი შეზღუდული რესურსის მქონე მუშა მეხსიერება. CLT–ის (კოგნიტური დატვირთვის თეორიის) ენით რომ ვთქვათ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით ბუნებრივად გამოწვეული "კოგნიტური დატვირთვა" გაიზარდა. ჩვენ ახლა ცხოვრების უფრო დიდ დროს ვხარჯავთ ცნობიერად და განზრახულად ფიქრში არა როგორც ექსპერტი, არამედ როგორც ახალბედა, რაც თავისთავად უფრო დამღლელია.

ფოტო: Alamy

ასევე, კოგნიტური დატვირთვის თეორიის კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ემოციებს ინფორმაციის გადამუშავების პროცესისთვის ხელის შეშლა. მაგალითად, ცნობილია, რომ როდესაც შფოთავთ, ეს მუშა მეხსიერების მოცულობას ამცირებს, რაც იმ გონებრივი პრობლემის გადაჭრას ართულებს, რომელთან გამკლავებაც ცნობიერად ხდება (დაფიქრდით, რამდენად აბრკოლებს თქვენს გონებას წინასაგამოცდო ნერვიულობა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნას თუ ლოგიკური წინადადების აწყობას უფრო როგორ ართულებს. ან კიდევ მართვის მოწმობის გამოცდის დროს ნერვიულობის გამო როგორ უფრო ძნელია ბევრ დეტალზე ერთდროულად კონცენტრირება, ვიდრე მანამდე ეს ჩვეულებრივი მეცადინეობისას იყო).

კოგნიტური დატვირთვის თეორია ამავდროულად მოიცავს "ზედმეტი კოგნიტური დატვირთვის" ცნებასაც — თქვენი მუშა მეხსიერების გადართვა იმ ყურადღების გამფანტველ ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებული არ არის იმ მოქმედებასთან, რომელსაც ასრულებთ. მაგალითად, როცა მუშაობის დროს ახალი ამბების მიმოხილვის მოსმენას ცდილობთ ან პარალელურად იმაზე ფიქრობთ, თუ როგორ გამოიყვანოთ ბავშვი სკოლიდან, როცა უფროსმა იმავე დროს ვიდეოშეხვედრა დაგინიშნათ — ასეთ დროს უკანა პლანზე მყოფი მეორეხარისხოვანი ამოცანები მუშა მეხსიერებისგან მეტ დატვირთვას ითხოვს.

ახლა პანდემიის მიერ ცხოვრების ჩვეული რუტინის ჩამოშლის გამო ჩვენი შეზღუდული მუშა მეხსიერების გამოყენება უფრო ხშირად გვიწევს. ამავე დროს კი, როდესაც ჩვენი სტრესისა თუ შფოთვის დონე აწეულია და მრავალ საქმესთან და ვალდებულებასთან გასამკლავებლად ვჟონგლიორობთ, ჩვენი მუშა მეხსიერების შესაძლებლობები კიდევ უფრო შეკუმშულია. ამას კი ცუდის გარდა არც არაფერი ახლავს თან და ესეც სწორედ კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გრძნობთ თავს ფსიქიკურად გამოფიტულად.

ჩვეულებრივ, უეცარი ცვლილებების დროს ჩვენ შეგვიძლია გარემოს მალევე შევეგუოთ და კოგნიტური დატვირთვა ისევ მართვადი გავხადოთ. კოვიდ–19–ის ეპოქაში ცხოვრებას კი ერთი ვერაგი თვისება გამოარჩევს — სიტუაცია მუდმივად იცვლება: ხელისუფლებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განუწყვეტლივ ახალ და უფრო რთულ შეზღუდვებს აწესებენ. მოგზაურობის წესები, თვითიზოლაციის ინსტრუქციები, სიმპტომების ცხრილი, სმარტფონის ახალი აპლიკაციები – დღე არ გადის სიახლის გარეშე, რომელიც ჩვენგან ჩართულობას არ მოითხოვს.

"ყოველი ახალი სიტუაცია ჩვენს ტვინს კოგნიტურად ტვირთვას, თუმცა ის ფაქტი, რომ კოვიდ–19–მა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ასეთი უზარმაზარი გავლენა იქონია, სავარაუდოდ, გვაიძულებს, ახალი ინფორმაცია იმაზე სწრაფად შევისრუტოთ, ვიდრე ეს აქამდე შეგვეძლო", — ამბობს სამული ლაატო, ფინეთის ქალაქ ტურკუს უნივერსიტეტის მკვლევარი, რომელიც პანდემიისას კოგნიტური დატვირთვის როლს ადამიანთა შესყიდვის უჩვეულო ქცევაში (მაგალითად, ნივთების პანიკური მომარაგება) და მასშტაბური დეზინფორმაციის გავრცელებაში შეისწავლიდა . ის ამბობს: "ზოგადად, გაურკვევლობა ყოველთვის ზრდის კოგნიტურ დატვირთვას. სტრესის გამომწვევმა ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ჯანმრთელობის საფრთხე, უმუშევრად დარჩენის შიში და სამომხმარებლო ბაზრის მორღვევა, ერთდროულად გაზარდა კოგნიტური დატვირთვა. ამასთან ერთად, გლობალურად შემოღებულმა დისტანციური მუშაობის განაწესმა ადამიანები აუცილებლობის წინაშე დააყენა, რომ ერთბაშად ადაპტირებულიყვნენ ახალ ტექნოლოგიებსა და მუშაობის განახლებულ სტილზე".

დაგეგმარება და თვითდისციპლინა

საბედნიეროდ, პანდემიური ცხოვრების ფსიქიკურად გამომფიტავი შედეგების კოგნიტური დატვირთვის თეორიის ანალიზი გარკვეულ მარტივ, მაგრამ ეფექტიან გამოსასწორებელ სტრატეგიებსაც გვთავაზობს. პირველ რიგში, შეეცადეთ, ახალი რუტინები შექმნათ და მათ დაძლევაში ისე დაოსტატდეთ, რომ უმნიშვნელო საქმეებისთვის მუდმივად მუშა მეხსიერების მოხმობა არ დაგჭირდეთ. თუ პანდემიური ეპოქის თავისებურებებს მაქსიმალურად მარტივად გაუმკლავდებით, ზედმეტი გონებრივი რესურსის დახარჯვა აღარ დაგჭირდებათ.

ფოტო: Alamy

რახან ჩვენ გაზრდილი შფოთვისა და გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ, აუცილებელია, დამატებითი ძალისხმევა სტრესის მართვას მოვახმაროთ, რათა ჩვენი მუშა მეხსიერება ყოველთვის გადატვირთული არ იყოს საზრუნავით. ეს კი გულისხმობს კარგ კვებას, ვარჯიშს, ძილის რეჟიმის დარეგულირებას და იმ აქტივობებისთვის დროის გამოყოფას, რომლებიც ჩვენზე კარგად მოქმედებს. რამდენადაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტისთვის შეიმუშავეთ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისას ასამოქმედებელი გეგმა: საშიში სცენარისთვის რეალისტური მზადყოფნა, შესაძლოა, შფოთვის შემცირებაში ძალიან დაგეხმაროთ. ასევე, დაასვენეთ ტვინი პანდემიის შესახებ ინფორმაციისგან და ინტერნეტის უარყოფით სიახლეებსაც მოარიდეთ თვალი. სცადეთ, შეარჩიოთ დღეები (მინიმუმ, შუადღეები ან საღამოები მაინც), როცა თავს აარიდებთ პანდემიაზე საუბარს.

საბოლოოდ, მთავარია, რომ ჩვენს მუშა მეხსიერებას ფუნქციონირება შევუმსუბუქოთ და "ზედმეტი კოგნიტური დატვირთვა" ავარიდოთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ უფრო დიდი ძალისხმევა ჩავდოთ დროის მართვასა და ყურადღების გაფანტვის ფაქტორების კონტროლში. მიზნად დაისახეთ, რომ სამსახურისთვის თუ საშინაო საქმეებისთვის შესაბამისი დრო გამოყოთ: მაგალითად, როდესაც მუშაობთ, არ გქონდეთ ფონად ჩართული ახალი ამბები; როცა ბავშვებთან ერთად თამაშობთ, ნუ გექნებათ თან ტელეფონი ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელების შესამოწმებლად გამზადებული. საშუალება მიეცით თქვენს გონებას, დროის მოცემულ მონაკვეთში ერთ რამეზე კონცენტრირდეს და შედეგად ნაკლები ფსიქიკური გამოფიტულობის შეგრძნებით დაჯილდოვდებით.

როგორც ჩანს, ამ პანდემიის ეპოქაში ცხოვრება რაღაც დროის განმავლობაში კიდევ მოგვიწევს. მუდმივი შფოთვა და ნორმიდან ამოვარდნის შეგრძნება გონებრივად დამღლელია, ამიტომ იმით გაიმხნევეთ თავი, რომ ერთადერთი არ ხართ, ვინც ასე გრძნობს თავს. ჩვენს ტვინს ინფორმაციის გადასამუშავებლად შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, რომელიც ახლა თავის საზღვრებს გასცდა, მაგრამ ფრთხილი დაგეგმარებითა და თვითდისციპლინით არსებობს გზები, რომლითაც შევამცირებთ კოგნიტურ დატვირთვას და თავიდან დავეუფლებით კონცენტრაციის უნარს.