რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთმა აზერბაიჯანს 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყველა ტყვე დაუბრუნა, თუმცა, მისი თქმით, სომეხი ტყვეების გადაცემის საკითხი დაპაუზებულია.

მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ექვსკვირიანი სამხედრო კონფლიქტი 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით დადებული, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეჩერდა, რომლის თანახმად მხარეებს ყველა ტყვეები უნდა გაეცვალათ.

ლავროვის განცხადებით, სომხეთს ტყვეების სრული სია არ წარუდგენია, რამაც პროცესი შეანელა.

ერევანში აცხადებენ, რომ ომის ბევრი ტყვე ისევ აზერბაიჯანში იმყოფება. Reuters-ის ცნობით, მათ ეს საკითხი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზეც დააყენეს.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებები განაახლეს და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 40-დღიანი ომის შემდეგ, 9-10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულების გამო, ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.