პარტია ლელო მთავრობას სამ მოთხოვნას უყენებს. მოთხოვნები დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ, მთავრობის კანცელარიასთან საჯაროდ გააჟღერა.

პარტია მოითხოვს მთავრობამ ეკონომიკის გახსნის გეგმა წინასწარ წარადგინოს, რათა ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცეთ თავიანთი საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვის საშუალება. მეორე მოთხოვნა საზღვრების გახსნასა და ქვეყანაში ტურიზმის სფეროს აღდგენას ეხება. ლელო, ასევე, მოითხოვს პრემიერმინისტრმა გახარიამ საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში — რა შედეგი მოგვცა ორთვიანმა შეზღუდვებმა.

"მე მინდა დღეს, ლელოს სახელით, დავაფიქსირო სამი მოთხოვნა:

  1. მთავრობამ სასწრაფოდ, უახლოეს დღეებში, წარმოადგინოს ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომ ბიზნესს ჰქონდეს მომზადების და ამ გეგმასთან ადაპტირების საშუალება [...] იხსნება თუ არა ტრანსპორტი — საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურად შედარებით დაბალი ფენებისთვის, რომ სამსახურის ადგილამდე მივიდნენ;
  2. იქნებიან თუ არა ტურისტები, ანუ, გაიხსნება თუ არა საზღვრები, თუნდაც იმათთვის, ვისაც ექნება კოვიდი გადატანილი, ამ ვაქცინაცია ექნება გაკეთებული და ა.შ. ანუ, რა პირობებით, გაიხსნება ტურისტული სექტორი, ვინაიდან, ამის გამოცდილება სხვა ქვეყნებში უკვე არსებობს. ჩვენ ახლა ზამთრის ტურისტულ სეზონს, ფაქტობრივად ვკარგავთ, თუ რაღაც პირობებით მაინც არ შემოვუშვებთ უცხოელ ტურისტებს, ვინც არის დაბალი რისკის შემცველი.
  3. მთავრობამ ამ ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ უნდა ჩაგვაბაროს ანგარიში. საზოგადოებას უნდა ჩააბაროს პრემიერმა გახარიამ ანგარიში — რატომ ჩაგვკეტა, რა მიზნით ჩაგვკეტა, რა შედეგი მიიღო და სად იყო სწორი, სად იყო არასწორი ეს ყველაფერი", — განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე.

გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობამ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება უნდა გაზარდოს.