"ტელეფონი მაჩუქეს [..] მე რა უნდა ვქნა. აი, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ ტელეფონს, ეს არის iPhone 12 Pro. მე რა ვქნა ახლა, ეს ტელეფონი გავყიდო და ეს ფული გლახაკებს დავურიგო?! ამაზეა ლაპარაკი?", — ასე პასუხობს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტის შეხსენებაზე, რომ ქვეყანაში ბავშვების შიმშილობის ფონზე მეუფე არ უნდა საუბრობდეს ძვირადღირებულ მანქანაზე, მათ შორის ტელეფონზე.

მეუფე ნიკოლოზი თავს სახარებით იმართლებს.

"აი ზუსტად ასეთი კითხვა პირველად გაიჟღერა, სახარებაში არის ეს აღწერილი, როდესაც იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს და რატო არ გაიყიდა ეს და რატო არ დაურიგდა ეს გლახაკებს. ხოდა გლახაკების დარდი კი არ ქონდაო ვინც ეს კითხვა დასვა, ალბათ ხვდებით იუდაზეა ლაპარაკი, ეს ფული იმას ებარაო და ვერცხლის მოყვარე იყოო", — ამბობს ის რუსთავი ორთან.

მეუფის თქმით, ახალი ტელეფონით უკვე რამდენიმე კარგი ხარისხის ფილმი გადაიღო.

რაც შეეხება ამ ტელეფონს, ეს ტელეფონი მე პირობა, თითქოს პირობა გამომივიდა არაფერი პირობა მე არ მაქ დასადები, მაგრამ უკვე რამდენიმე ფილმი გადავიღე კარგი ხარისხით, ამ კარგ ხარისხს მნიშვნელობა აქვს რა როგორც ამბობენ", — ამბობს მეუფე.

მეუფის თქმით, არ არსებობს ადამიანი ვინც მას დახმარება სთხოვა და ამაზე უარი მიიღო.