მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თვის ბოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ნიკა მელიასთან აპირებს შეხვედრას. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ნაციონალურ მოძრაობაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს ცუდს, ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ნიკა მელიამ თქვა, ითხოვა დრო თვის ბოლომდე. ახალი თავმჯდომარე ვარ და პარტიაში რაღაცებია დასალაგებელიო და თვის ბოლოს შევხვდეთო — კი ბატონო, ძალიან პატიოსანი სიტყვაა. გვქონდა კომუნიკაცია და ეს სიტყვა უთხრა გირჩის ხალხს", — განაცხადა ელისაშვილმა.

გირჩსა და მოქალაქეებს შორის ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა. სწორედ ეს ორი პარტია განიხილავს აქტიურად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად განხილვის შესახებ. ისინი აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს სხვა პარტიებთანაც გამართავდნენ.

დღეს ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატზე უარი განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უკვე ბევრი ალტერნატივა შესთავაზა ხელისუფლებას და ახლა ჯერი ქართულ ოცნებაზეა.