მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მთავარი არხის დამფუძნებლის, გიორგი რურუას პასუხის მიუხედავად, კვლავ აცხადებს, რომ მისი ციხეში დატოვება, დიდწილად, ოპოზიციის მიერ რვა მარტის "შეთანხმების დარღვევამ" განაპირობა.

"სიტყვა გატეხა ოპოზიციამ, 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. დეტალების მოყოლას არ ვაპირებ. შეთანხმდენ რაღაცაზე და სიტყვა გატეხეს. რასაც დაჰპირდნენ ქართულ ოცნებას პატიმრებთან დაკავშირებით, იმის საწინააღდმეგოდ მოქცევა დაიწყეს. როცა ქართულმა ოცნებამ ეს საკითხი თქვა, ოპოზიციამ ხმა ვერ ამოიღო, ერთი არგუმენტი არ ჰქონდათ. რაც შეეხება გიორგი რურუას, მისი ოჯახი ინფორმირებულია და საქმის კურსშია", — განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ხელისუფლებას არ ამართლებს, თუმცა ხელისუფლებას ოპოზიციამ არგუმენტი მისცა.

ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში ოპოზიის ქმედებების გამო რჩება, რასაც ციხიდან გიორგი რურუას წერილი მოჰყვა.

"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს — ბიძინა ივანიშვილს", — ასე პასუხობდა რურუა ელისაშვილს.

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მმართველი პარტია ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.