ცხოველთა თავშესაფარმა The Delaware Humane Association, საიდანაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავისი მეორე ძაღლი, მეიჯორი, აიყვანა, ვირტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე, რომელსაც 10 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო, თეთრ სახლში თავშესაფრიდან აყვანილი პირველი ძაღლის შესვლა აღნიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში მეიჯორი და ბაიდენის პირველი ძაღლი, ჩემპი, თათს 20 იანვრამდე ვერ შედგამენ, ონლაინღონისძიებას პომპეზურობა ნამდვილად არ აკლდა.

"მეიჯორის თეთრ სახლში შესვლა] ბევრს ნიშნავს, რადგან ჩვენს საქმიანობას იმედის სხივით ავსებს", — განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ კეროლმა ღონისძიებაზე, — "ამით ცხადი ხდება, რომ თავშესაფარი ოთხფეხა მეგობრის ასაყვანად საუკეთესო ადგილია".

ღონისძიების პარალელურად თავშესაფრის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო. ასოციაციის თქმით, საბოლოოდ, $100 ათასი დოლარის შეგროვება მოხერხდა.

"ინაცუგურაციაზე" იმღერა ამერიკელმა შემსრულებელმა, ჯოშ გრობენმა, Zoom-ის დიდ შეკრებას კი ადამიანებთან ერთად ძაღლებიც დაესწრნენ და მეიჯორის თეთრ სახლში შესვლა იზეიმეს.

ბაიდენის ორი გერმანული ნაგაზი ოთხი წლის შემდეგ თეთრ სახლში მცხოვრები პირველი ძაღლები იქნებიან. პირველი ძაღლი, ჩემპი, რომელიც ბაიდენების ოჯახმა 2008 წელს აიყვანა საშენიდან, ვაშინგტონს უკვე იცნობს, რადგან ჯოს ვიცე-პრეზიდენტობის დროს იქ ცხოვრება უხდებოდა.

მეიჯორი კი ბაიდენების ოჯახს 2018 წლის ნოემბერში შეუერთდა. პრეზიდენტმა მის შესახებ შვილისგან, ეშლი ბაიდენისგან, შეიტყო, რომელმაც მამას ფეისბუქპოსტი გაუგზავნა. პოსტში თავშესაფარი იუწყებოდა, რომ პატარებისთვის მზრუნველ პატრონებს ეძებდნენ. ჯოს ბევრი აღარ უყოყმანია და ცოტა ხანში ძაღლი ბაიდენებთან გადავიდა საცხოვრებლად.

აღსანიშნავია, რომ მეიჯორმა, ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში თავისი წვლილიც შეიტანა. 1 ნოემბერს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპი ხსნის, რატომ არ ჰყავს ძაღლი.

"როგორი შესახედავი ვიქნები თეთრი სახლის გაზონზე ძაღლით მოსეირნე?", — რიტორიკული კითხვით უპასუხა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტმა შეკითხვას.

ვიდეოს ბოლოს ბაიდენი მეიჯორთან ერთად ჩნდება, წარწერით "დავაბრუნოთ ძაღლები თეთრ სახლში".