პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საქართველოს მიმართ პოზიტიური პოლიტიკური პოზიციის არ გამოირჩეოდა. ამავე დროს, ვოლსკი ამატებს, რომ ოპოზიცია არ უნდა იდევნებოდეს.

"ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა, როგორც მახსოვს საქართველოს მიმართ და იმის შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალები, ოკუპანტი ძალები შემოიჭრა საქართველოში, იგივე იყო უკრაინის მიმართ, იგივე იყო ყირიმის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, რასაკვირველია, ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასერიგად არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, როგორც ეს სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში ნავალნი არ არის ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა ოდესმე, პირიქით გაგვიგია", — აღნიშნა ვოლსკიმ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ალექსეი ნავალნი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებდა.

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.