რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატ ოლგა მიხაილოვას თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ამ დრომდე არ უშვებენ. მედუზას ცნობით, ნავალნის ადვოკატთან სატელეფონო ზარითაც არ აკავშირებენ. როგორც ადვოკატმა მედიას განუცხადა, პოლიციის განყოფილებაში მას ნავალნისთვის განკუთვნილი ნივთებიც წაართვეს.

ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმაც აღნიშნა, რომ ნავალნისთან ადვოკატს კომუნიკაცია ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე არ ეზღუდება.

"ალექსეი 14 საათია დაკავებულია, მას, ჯერჯერობით, ტელეფონზე დარეკვის საშუალებასაც არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება ყველა დაკავებულს აქვს", — დაწერა იარმიშმა ტვიტერზე.

მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში გუშინ, 17 იანვარს დააკავეს. მიზეზად 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ნავალნის ძებნაში ყოფნა დასახელდა.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.