არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რელიგიის სფეროში ფუნდამენტური რეფორმები დროულად დაიწყოს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და შეიქმნას ამ სფეროში რეფორმების დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია , პლატფორმა სალამი, სოლიდარობის პლატფორმა.

18 იანვრის პრესკონფერენციაზე ორგანიზაციები სოფელ ბუკნარის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ შერიგების მიუხედავად, სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს ამგვარი რელიგიური დევნის, კონფლიქტებისა და გაუცხოების მიზეზები და მას საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბუკნარის გარდა რელიგიური შევიწროების შემთხვევები წინა წლებშიც გამოვლენილა, რაზეც სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულ კონფლიქტებზე სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ ჰქონიათ.

"ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვა მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროების სრული უგულებელყოფის ხარჯზე მოხდა (მაგალითად, სამთაწყაროში ჯამეს გახსნა ადგილობრივი თემის მიერ შეძენილ კერძო სახლში მაინც ვერ მოხერხდა, ქობულეთის მუსლიმური პანსიონატი ამ დრომდე დაკეტილია, მოხის ისტორიული მეჩეთისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭება ამისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისიის მუშაობის მიუხედავად არ მომხდარა). ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არც ერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში)", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ერთობლივ მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ბუკნარის მოვლენების დროს გამოჩნდა პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არაეფექტიანი როლი. როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, უწყება მედიაციის პროცესში აქტიური არ იყო, რაც მის მიმართ მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას.

გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს არ უზრუნია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა დისკრიმინაციული ჩანაწერები კანონმდებლობაში, რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირება და ა.შ.

"ჩვენი დაკვირვებით, ცვლილებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიური აქტორად განიხილება", — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სააგენტოს ბუნდოვანი და პრობლემური მანდატი აქვს, ასევე, უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული ხედვები აქვს. გარდა ამისა ისინი აღნიშნავენ, რომ სააგენტოს აქვს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის გამოცდილება, ხოლო რელიგიური სა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან დაბალი ნდობით სარგებლობს.

"ამ უწყების მიმართ ღრმა უნდობლობა და კრიტიკა რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების მიერ დაფიქსირდა მისი დაარსებიდან პირველივე დღეებში, როცა მაკონტროლებელი "რელიგიური სამინისტროს" შექმნის რისკებს ვხედავდით და ამ უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ რეგრესულ, უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებსა და განცხადებებს ვისმენდით. სამწუხაროდ, ეს კრიტიკა და ნდობის კრიზისი მთავრობას სერიოზულად არასდროს განუხილავს და მას შემდეგ არა თუ რეფორმის პროცესი, სახელმწიფოსთან თავისუფალი დემოკრატიული კომუნიკაციაც კი შეჩერდა ამ თემაზე", — აღნიშნავენ ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებებში.

სწორედ აქედან გამომდინარე, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობასა და პარლამენტს:

  • შეიცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა. შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა
  • შემუშავდეს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
  • გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალი მოდელი ჩამოყალიბდეს.