ევროკავშირის ქვეყნებმა მოსკოვში ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის დაკავება გააკრიტიკეს. მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს აშშ-მ და კანადამ.

საფრანგეთმა ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ პროცესებს თვალს მიადევნებს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ჩასვლისთანავე პოლიტიკოსის დაკავება გაუგებარია. ვიცე-კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მას "ნამდვილად მამაცი ადამიანი" უწოდა.

"ჩვენ შევთავაზეთ დაცვა, ამის გაკეთება შეგვეძლო. იმ საშინელი თავდასხმის შემდეგ ჩვენ ვიზრუნეთ, რომ მას საკუთარი ჯანმრთელობა აღედგინა. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დავიცავთ ჩვენს პოზიციას და როგორ განმარტავთ სიტუაციის ჩვენეულ ხედვას", — განაცხადა ოლაფმა.

მოსკოვში ნავალნის დაკავება დაგმეს პოლონეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომა პეტრიჩეკმა განაცხადა, რომ ნავალნის მისი მხარდაჭერა აქვს და რუსეთის მიმართ სანქციების საკითხს დააყენებს.

პოლიტიკოსის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.

"ნავალნის დაკავება ისევე მოსალოდნელი იყო, როგორც მიუღებელი. მოვუწოდებ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუცია პასუხები ნოვიჩოკით მოწამვლასთან დაკავშირებით. ევროკავშირიდან პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვაკვირდები სიტუაციას. მთელი მსოფლიო აკვირდება!" — განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.