ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ნავალნის დაკავებას მას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სხვა კრიტიკოსების გაჩუმების კიდევ ერთი მცდელობა უწოდა.

"საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს ხმების შეჯიბრების არ ეშინიათ და პოლიტიკურ ოპონენტებზე არ ძალადობენ", — წერია პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში გუშინ, 17 იანვარს დააკავეს. მიზეზად 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ნავალნის ძებნაში ყოფნა დასახელდა.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.