ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

"რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი. სასამართლო სისტემის პოლიტიზება დაუშვებელია", — განაცხადა მან.

მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ TASS სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.