ლატვიის, ესტონეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"ალექსეი ნავალნის დაკავება სრულიად მიუღებელია. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და თუ მას არ გაათავისუფლებენ, ჩვენ ამ აშკარა ქმედების საპასუხოდ მკაცრი ზომების მიღება უნდა განვიხილოთ", — ნათქვამია ტვიტერის განცხადებაში.

მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ TASS სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.