ალექსეი ნავალნი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოსკოვში ჩაფრინდა, აცხადებს, რომ არაფრის ეშინია. მან განცხადება აეროპორტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვფრინდი, ეს ბოლო 5 თვეში ჩემი საუკეთესო დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მადლობელი ვარ გერმანიის, აქ არის ჩემი სახლი და აქ ჩამოვედი. ყველა მეკითხება, მეშინია თუ არა. არ მეშინია. გავივლი კონტროლს და წავალ სახლში, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ, ყველა სისხლის სამართლის საქმე შეკერილია. აპირებენ მე დამაკავონ იმ საქმის გამო, რომელშიც ევროსასამართლომ გადაწვეტილება ჩემ სასარგებლოდ მიიღო. ამიტომ არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ, არაფრის შეგეშინდეთ", — განაცხადა ნავალნიმ.

მან ბოდიში მოუხადა თვითმფრინავის სხვა მგზავრებს დისკომფორტისთვის. ნავალნის თქმით, ასობით ადამიანი დაზარალდა იმის გამო, რომ ვნუკოვოს აეროპორტი დაკეტილი იყო, ათასობით ადამიანი ჩარჩა გზაში, რადგან გზა გადაკეტეს.

"ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ხდება რუსეთში და აბსოლუტურ სისწორეს... მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი არჩევანია, არ ყოფილა ისე, რომ მე ამერჩია, დავბრუნდებოდი თუ არა, ერთი წამითაც არ დამდგარა ეს საკითხი. მაგრამ ეს აჩვენებს, როგორი საჭიროა აქ ბრძოლა. ღმერთო ჩემო, ეს ხომ არ არის უბრალოდ ვიღაც საზიზღარი ქურდების ძალაუფლება, რომლებიც სისულელეებით არიან დაკავებულები. მათ უზარმაზარი, ულამაზესი ქალაქის საავიაციო უსაფრთხოება დააყენეს საფრთხის ქვეშ", — თქვა ნავალნიმ.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა, მოსკოვში დაბრუნდა. თვითმფრინავი ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს აეროპორტში დაფრინდა. მანამდე ვნუკოვოს აეროპორტში შეკრებილი მისი რამდენიმე მხარდამჭერი "ომონმა" დააკავა, შემდეგ კი თვითმფრინავმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.