მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ TASS სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნი "ივ როშეს" საქმეზე 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის პირობების მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია. ამასთან, მითითებულია, რომ მისთვის შემდგომ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო განსაზღვრავს და მანამდე პატიმრობაში იქნება.

ადვოკატის ინფორმაციით, ნავალნი შერემეტიევოს ტრანზიტულ ზონაში იმყოფება, სადაც შესვლა აკრძალულია. ოლგა მიხაილოვა ასევე ამბობს, რომ ოპოზიციონერთან არ შეუშვეს და დაკავებისას არც მიზეზი განმარტეს. გერმანიიდან მოსკოვში ნავალნისთან ერთად მისი ცოლიც ჩავიდა, რომელიც აეროპორტიდან უკვე სახლში გაემგზავრა.

ნავალნი აეროპორტში დააკავეს. თვითმფრინავი, რომლითაც ისმ გზავრობდა, თავდაპირველად ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაფრენილიყო. იქ შეიკრიბნენ რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი "ომონმა" დააკავა. შემდეგ თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა. ნავალნი გასასვლელამდე ავტობუსით მივიდა, თუმცა იქ მილიცია დახვდა და დააკავა.

ალექსეი ნავალნიმ მანამდე მედიასთან განაცხადა, რომ არაფრის ეშინია.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვფრინდი, ეს ბოლო 5 თვეში ჩემი საუკეთესო დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მადლობელი ვარ გერმანიის, აქ არის ჩემი სახლი და აქ ჩამოვედი. ყველა მეკითხება, მეშიანია თუ არა. არ მეშინია. გავივლი კონტროლს და წავალ სახლში, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ, ყველა სისხლის სამართლის საქმე შეკერილია. აპირებენ მე დამაკავონ იმ საქმის გამო, რომელშიც ევროსასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ მიიღო. ამიტომ არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ, არაფრის შეგეშინდეთ", — განაცხადა ნავალნიმ.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.