გირჩი — მეტი თავისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა თუ ეკონომიკურ საქმიანობას ეხება. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას საზღვრები და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

პარტიისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მეთოდები იყოს "მორალური, სამართლიანი და ეფექტური". განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზაფხულიდან გატარებული "ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები" მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მატარებელი იყო და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია.

მათი პოზიციით, ერთადერთი, რაც ამ ყველაფერმა მოგვიტანა, ესაა "დამონებული და სახლში გამოკეტილი უამრავი მოქალაქე", რომელთაც სამსახურები დაკარგეს. გირჩი — მეტი თავისუფლება და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დღეს უკვე "დე ფაქტო" ხელისუფლებას "ღია ნადირობა" აქვს გამოცხადებული თავისუფალ ადამიანებზე, რომლებიც შრომით ცდილობენ საკუთარი თავისა და ოჯახების უზრუნველყოფას.

"შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა არ არის კრიმინალი! და მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი, ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს: უვარდება ობიექტებზე, ატარებს აბსურდულ სპეცოპერაციებს, აწარმოებს უშინაარსო საგამოძიებო პროცედურებს და ნაცვლად იმისა, რომ ვინმე ამაზე ბოდიშს იხდიდეს, პირიქით, სატელევიზიო სიუჟეტებს ქმნიან, თუ როგორ ეფექტურად აღკვეთეს კრიმინალი", — აღნიშნულია განცხადებაში.

საერთო განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ისინი არ აპირებენ, შეეგუონ "მონურ მდგომარეობას" და ყველა გზას გამოიყენებენ თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად. განცხადებას ხელს აწერენ: სახელოსნო ბარი, Reformerfitness, MacLaren's Irish Pub, Alibi Room და პიანი ბაზარი.