ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პროკურატურას მიმართა და განაცხადა, რომ თუ უწყება ახალი წლის ღამეს თელავის თეატრთან მომხდარ ინციდენტს არ გამოიძიებს, 22 იანვარს საპროტესტო აქციას გამართავს. აქტივისტების განცხადებით, 1 იანვარს თელავის თეატრის წინ მდებარე კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა, მათ სიცოცხლეს კი საფრთხე შეექმნა.

"მინდა მივმართო პროკურატურას, რომელიც აქ სულ რამდენიმე მეტრშია, დავით გველესიანს, ვინმე გამომძიებელს ვაძლევ რამდენიმე დღეს. კონკრეტულად 22 იანვარს, მას მოეთხოვება პასუხი, უნდა მიიღოს მუქარად ან როგორც უნდა ისე მიიღოს ეს. თუ 22-მდე არ იქნება რეალური ქმედება იმ ადამიანის დასჯის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს სიცოცხლის საფრთხეს უქმნის, ის 22-ში მიიღებს საკადრის პასუხს. აქ იქნება პროტესტი და მათ მოუწევთ პასუხის გაცემა", — განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, საპროტესტო აქცია 22 იანვარს 2 საათზე გაიმართება და იგი "უპასუხისმგებლო და მოძალადე" პროკურატურისადმი იქნება მიმართული. ხოშტარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ინციდენტი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, უპასუხოდ არ დარჩეს.