ბანდგლადეშის ზოოპარკში მარტოსული მარტორქა ახალ სიყარულს ელოდება. მომვლელები მარტორქისთვის ახალ პარტნიორს ეძებენ, თუმცა პანდემიით განპირობებული სამგზავრო შეზღუდვების გამო ეს არც ისე მარტივია.

მარტორქა სახელად კანჩი, ბანგლადეშის ეროვნული ზოოპარკის გამორჩეული წევრია. სამწუხაროდ, 7 წლის წინ მისი "შეყვარებული" მამრი მოკვდა და კანჩი მარტოსულად დარჩა. მარტოობა კი ცხოველზე კარგად არ აისახა. ეს ზოოპარკის დამთვალიერებლებისთვის და კონსერვაციონისტებისთვისაც ცხადია.

კანჩი ცოტას ჭამს და მის მომვლელ ფარიდ მიას ეფერება, რომელიც მარტორქას კისერს ფხანს და სიყვარულს არ აკლებს.

"მისი ხასიათი ხშირად იცვლება. ხანდახან რომ ვეძახი ყურადღებას არ მაქცევს, რადგან უკვე დიდი ხანია რაც მარტოობაში ცხოვრობს", — ამბობს მია. "ვეუბნები, რომ მალე მამრ პარტნიორს ვუპოვით, თუმცა კანჩი მაინც მოუსვენარია".

ზოოპარკის კურატორი აბდულ ლატიფი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ზოოპარკში მამრი მარტორქის მიყვანა გაართულა. "ვიცით რომ მარტოსულად გრძნობს თავს, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ შესაფერისი პარტნიორი მოვუყვანოთ", — ამბობს ლატიფი.

კანჩის მშობიარობისთვის იდეალური ასაკი აქვს და ზოოპარკის თანამშრომლებს სურთ, რომ მარტორქამ შთამომავლობა დატოვოს. ლატიფის თქმით, მარტორქები ტყვეობაში 38 წლამდე ცხოვრობენ, კანჩი კი ჯერაც ახალგაზრდაა, ამიტომ ზოოპარკში პარტნიორის პოვნის იმედს არ კარგავენ.

კანჩის სხვა გზა არ აქვს, უნდა დაელოდოს. მარტოსული მარტორქა დღეებს ტალახში წოლაში ატარებს და ყოველდღიურ ვიზიტორებს დიდ ყურადღებას არ აქცევს.