ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გავრილოვის ღამე იყო საორგანიზაციო ტექნიკური შეცდომა და საერთაშორისო ასპარეზზე მას არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები.

"რაც შეეხება გავრილოვის თემას, ეს იყო საორგანიზაციო ტექნიკური შეცდომა, რომელმაც ნამდვილად არ განაპირობა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შესუსტება, პირიქით, გაცილებით უფრო ძლიერია საქართველო ევროკავშირის სტრუქტურებშიც და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გავრილოვის თემა შეფასდეს იმ ასპექტით, რასაც ჰქვია საგარეო კურსის ცვლილება. ეს ყველამ გაიგო, მთელს მსოფლიოში, ვისაც აინტერესებს და მხოლოდ ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს, მედიასაშუალებებს არ უნდათ, რომ სხვა კუთხით განიხილონ ეს თემა", — აცხადებს ვოლსკი.

ვოლსკი გამოეხმაურა ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციასაც, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს "გავრილოვიჩს" ეძახდნენ და თქვა, რომ აქციის მონაწილეები არიან იმ ჯგუფების წევრები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები "ჩააბარეს".

"ირაკლის კავშირი გავრილოვის ღამესთან, რასაკვირველია, არათუ არასწორია, არამედ ის ადამიანები აპროტესტებენ, მათი წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარეს და ეს ადამიანები არიან ამ ჯგუფებიდან, სამწუხაროდ", — ამბობს ვოლსკი.

დღეს ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ 9 აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.

20 ივნისს რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლა და საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა გააპროტესტა. აქცია სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე გვიან ღამით ძალის გადამეტებით დაშალა. ამ დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი.