შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ითხოვდა მანქანას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გადასულიყო. მისი თქმით, ბრალდებულმა რამდენიმე დღის წინ მიმართა უწყებას და "ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში".

"მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება" ,— განაცხადა მან.

ბორცვაძის თქმით, საწყის ეტაპზე დაკავებული თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მძევლები გაათავისუფლა.

"მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება. იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული", — განაცხადა მან.

ბორცვაძის თქმით, დაკავებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც 2018 წელს უწყება პირადი პატაკით დატოვა.

უწყების განცხადებით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.