შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კასპში დააკავეს ყოფილი პოლიციელი, რომელსაც 2 ადამიანი მძევლად ყავდა აყვანილი. უწყების განცხადებით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

"სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა", — აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ბრალდებულემა 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან.

"პირადი პატაკით დატოვა თანამდებობა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება ყველა ადამიანი, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები", — განაცხადა მან.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2
ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.