ექსპო ჯორჯიასთან მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

აქციაზე დაპირისპირება ბანერის გაშლის მცდელობას მოყვა. ბანერით აქტივისტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის გაყალბდა.

"ეს არის დიქტატურა, მეტი არაფერი, გვათრიეს, აი ნახეთ რას ვგავარ, გვეჭიდავნენ ძირს გვათრიეს და გვცემეს და დაიჭირეს აქტივისტები. ამას ჩვენ არ შევეგუებით და ესენი ვინც არიან შიგნით, ყველა არის კრიმინალი. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოპარეს არჩევნები და ქვეყანა. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები", — აცხადებს აქციის მონაწილე.

სამართალდამცავები ხელს უშლიან მუშაობაში მედიის წარმომადგენლებს.

დღეს, 16 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება მმართველი პარტიის ყრილობა, სადაც ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიამ ამ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.