ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხო გახსნისთვის საჭიროა 3%-იანი კოვიდინფიცირების მაჩვენებელი. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი დღეს ჩამოცდა 8%-ს.

"ზოგადად ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, 5% დადებითობის მაჩვენებელი არის ის კრიტიკული მაჩვენებელი, როდესაც სკოლებში და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირიქით, წყდება [სწავლა], რისკის მაჩვენებელია. ჩვენ ჯერ ამ 5%-ს ვერ მივაღწიეთ, კი ქვემოთ მოდის დადებითობის მაჩვენებელი და ამ დილას ჩამოცდა უკვე 8%-ს, მაგრამ 5% იქნება სასურველი ნიშნული და უსაფრთხო გახსნისთვის სადღაც 3%-ზე მაინც უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში ვისაუბროთ აღდგენაზე", — განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს, ასევე, დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებსა და სოფლებს, სწავლა 18 იანვრიდან ისევ სკოლებში განახლდება.