ციფრული ვალუტის ჯამურმა ღირებულებამ, ისტორიაში პირველად, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს მას შემდეგ, რაც წამყვანი კრიპტო აქტივი, ბიტკოინი რეკორდს რეკორდზე ხსნის.

Fintech Zoom-ის მიერ შედგენილი მონაცემებით, ბიტკოინმა, რომელიც კრიპტოვალუტის მთელი ბაზრის ღირებულების 70 პროცენტს შეადგენს, კიდევ ერთ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ახლა ერთი ბიტკოინი, $37,739-ის ღირებულებისაა.

ბიტკოინის ყოველდღიური და ზოგჯერ, საათობრივი წინსვლა თითქმის რუტინად იქცა, მაგრამ უკანასკნელმა მატებამ, რასაც სხვა ციფრული აქტივების გაძვირებამაც შეუწყო ხელი, კრიპტოვალუტის ბაზრის ღირებულება რეკორდულად გაზარდა. ეს თითქმის 200 მილიარდი დოლარით მეტია ვიდრე წინა პიკის დროს 2018 წლის იანვარში, რომელიც კრიპტოვალუტების უმეტესობის რეკორდული გაყიდვით დასრულდა.

ფასების გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, მსოფლიოს უდიდეს კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისიდან ღირებულების დაახლოებით 30 პროცენტიანი ზრდა აქვს. ზოგიერთ სხვა ტოკენს კიდევ უფრო დიდი ზრდა ჰქონდა. სიდიდით მეორე ციფრული ვალუტა, Ether, საბაზრო ღირებულების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში თითქმის 60 პროცენტით გაძვირდა. ამავე დროში, ათეულში მყოფი ციფრული ვალუტის, Stellar’s XLM-ის ღირებულებამ 180 პროცენტზე მეტით მოიმატა.

შესაბამისად, ბიტკოინი უკვე "ციფრულ ოქროდ" ითვლება, რაც კიდევ უფრო მსხვილ და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს იზიდვას. ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტა მასიური ბუშტია, რომელიც შეიძლება გასკდეს, მაგრამ უმეტესობა ფსონს მის მზარდ ღირებულებაზე დებს.