კანადაში წყვილი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების უგულებელყოფისათვის დააჯარიმეს. ქვეყანაში საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია და სწორედ ამ დროს გააჩერა ქალაქ შერბრუკში ქუჩაში მოსეირნე წყვილი პოლიციამ.

როგორც ქალმა სამართალდამცავებს უთხრა, ის სახლთან ახლოს უბრალოდ "ძაღლს ასეირნებდა". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყანაში შინაური ცხოველის გარეთ გაყვანა, აუცილებელი მიზეზების გამო, შეზღუდვების ფარგლებშიც დაშვებულია და სწორედ ამ შესაძლებლობით ისარგებლა ქალმა.

ქმარს კისერზე საბელი ჰქონდა გამობმული, ცოლი კი ამტკიცებდა, რომ რეკომენდაციებს იცავდა და პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა. თითოეული მათგანი 1 549 კანადური დოლარით ($1 212) დააჯარიმეს.

ქვეყანაში კორონავირუსის 689 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაცვლილია 17 538 ადამიანი. ოფიციალური პირების განცხადებით, კრიტიკული მდგომარეობაა ქალაქ მონტრეალში და საავადმყოფოები ყველა პაციენტის მიღებას ვერ ახერხებენ.