ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო/საახალწლო ფილმების სერიის — მარტო სახლში — მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, მაკოლეი კალკინი სოციალურ ქსელში პეტიციის იდეას გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ფილმიდან დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრას ითხოვენ.

ტვიტერზე ერთმა მომხმარებელმა მოითხოვა, რომ ფილმის მარტო სახლში მეორე ნაწილში "დონალდ ტრამპი 40 წლის მაკოლეი კალკინით ჩაანაცვლონ". თავად მსახიობი ამ მოწოდებას ერთი სიტყვით გამოეხმაურა: "მიღებულია".

ტვიტერზე კიდევ ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი, სადაც მოყვარულის მიერ ტრამპის სილუეტი ამოჭრილია, კალკინმა დააკომენტარა: "ბრავო".

დონალდ ტრამპი ფილმში მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული რამდენიმე წამით ჩნდება, როცა მთავარი გმირი, კევინი მას სასტუმროში გადააწყდება და მიმართულების გაგნებაში დახმარებას სთხოვს. სასტუმროს, რომელშიც ეს სცენაა გადაღებული, იმ დროს სწორედ ტრამპი ფლობდა.

მსგავსი პეტიციები უკანასკნელი წლების განმავლობაში, როცა ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, სხვადასხვა დროს ხშირად ჩნდებოდა ხოლმე: მაგალითად, გასულ წელს კანადაში სატელევიზიო კომპანია CBC-მა ეთერში ფილმის ის ვერსია გაუშვა, რომელშიც ეს სცენა მთლიანად ამოჭრილი იყო. ბოლო პერიოდში მსგავსი ცვლილების მოთხოვნა კიდევ უფრო გააქტუალურდა: მაგალითად, გარკვეული ოდენობის ადამიანები პეტიციით ითხოვენ, რომ ამ ცნობილ სცენაში ტრამპი აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩაანაცვლოს.