თბილისში, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ციყვი მოკვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი ავრცელებს.

როგორც იგი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, დაშავებული ცხოველის მთაწმინდის ტერიტორიაზე პოვნის შესახებ მას თავისმა მეგობარმა შეატყობინა და ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო.

"მივიყვანეთ კლინიკაში, სადაც ვეტერინარმა მისი გადარჩენა სცადა, თუმცა, [ციყვი] სამწუხაროდ, დაიღუპა", — ამბობს თიკო.

ცხოველთა უფლებადამცველი ასევე დასძენს, რომ გონებადაკარგულ ცხოველს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული, ამიტომ, მისი ვარაუდით, ციყვი შიშისგან ხიდან ჩამოვარდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ცალკეული შემთხვევა არაა, როცა დღესასწაულზე პიროტექნიკის გამოყენებას ცხოველთა სიცოცხლე ეწირება. გარდა იმისა, რომ ფეიერვერკი განსაკუთრებით სტრესულად მოქმედებს შინაურ ცხოველებზე, ველურ ბუნებაში მცხოვრები ფაუნის დიდი ნაწილი იღუპება, ან უზიანდება სმენა და მხედველობა; ამასთან, გამოფრქვეული ქიმიური და მომწამვლელი ნივთიერებები აზიანებს არაერთი სახეობის ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობას. გასული წლის მიწურულს, როცა რომში ახალი წლის დადგომას მასშტაბური ფეიერვერკით აღნიშნავდნენ, ქალაქში ასობით ჩიტი დაიხოცა.